GCAP-მა ესპანური Aqualia-სგან ინვესტიცია მოიზიდა
Georgia Capital-მა სტრატეგიული ინვესტორი მოიზიდა. საინვესტიციო კომპანიის ჰოლდინგში შემავალ Georgia Global Utilities-ის (რომელიც მართავს წყლის, წყალარინების და ენერგეტიკულ აქტივებს) პარტნიორი მსოფლიოში წამყვანი ესპანური კომპანია "აქვალია" (Aqualia) გახდა.
Aqualia ლიდერია ესპანეთში წყლის მომარაგების მენეჯმენტში, მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ კი ევროპაში სიდიდით მეოთხე, მსოფლიოს მასშტაბით კი სიდიდით მეცხრე ყველაზე მსხვილი წყალმომარაგების კომპანიაა.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორის და ინვესტორის შემოსვლის შესახებ. ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოს, „სემეკის“ მაღალი პროფესიონალიზმისა და ევროპული რეგულაციების დანერგვა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ასეთი მაღალი რანგის, სტრატეგიული ინვესტორის შემოყვანის მხრივ საქართველოში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი ინვესტიციების მოზიდვა და საერთშორისო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული დარგების განვითარებაზე. ვფიქრობთ, კომპანია „აქუალიას“ შემოსვლა გააძლიერებს წყალმომარაგების სისტემას როგორც მომხმარებელის ასევე თანამშრომლის, და სხვა დაინტერესებული მხარეების სასარგებლოდ,“ - განაცხადა საქართველოს კაპიტალის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
“კომპანია “აქუალიას” ინტერესი საქართველოსა და თბილისის წყალმომარაგების სისტემის მიმართ დიდი ხანია აქვს და დღემდე დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით ამ დარგისა და მისი სისტემის აქტივების განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორობის დაწყების გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენ ძალიან დაგვეხმარა საქართველოში არსებული კარგი საინვესტიციო გარემო და დანერგილი ევროპული სტანდარტების რეგულაციები.
“აქუალიას” და საქართველოს კაპიტალის გუნდები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ შეთანხმების დოკუმენტზე, რომელიც გამოხატავს ორივე მხარის ხედვას და ღირებულებებს. ჩვენი ლოკალური პარტნიორის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და ქვეყანაში არსებული გარემოს ზედმიწევნით ცოდნა „აქუალიას“ ტექნოლოგიურ ბაზასა და მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, წყალმომარაგების სერვისის მიწოდების უმაღლესი ხარისხის სტანდარტს უზრუნველყოფს, რაც შესაბამისად ჩვენი კომპანიების თანამშრომლობის წარმატების გარანტიაა,” - განაცხადა FCC „აქუალიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ფელიქს პარამ.
Aqualia წყალმომარაგების სერვისების მართვით (შეგროვება, გაწმენდა, კანალიზაცია, ჩამდინარე წყლების დამუშავება და ხელახალი გამოყენება), უზრუნველყოფს 1100-ზე მეტ მუნიციპალიტეტს და 30 მილიონზე მეტ მოსახლეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, კოლუმბიაში, მექსიკასა და საუდის არაბეთში.