ფინანსები
18/06/2021

EBRD-მა რკინიგზის მწვანე ევრობონდებში $50 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) რკინიგზის გამოშვებულ $500 მლნ-ის მწვანე ევრობონდებში $50 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა, - ამის შესახებ რელიზს საფინანსო ინსტიტუტი ავრცელებს.

EBRD-ის დირექტორი და Infrastructure Eurasia-ს ხელმძღვანელი ეკატერინა მიროშნიკი განმარტავს, რომ ეს საქართველოს რკინიგზისა და საქართველოსთვის საეტაპო შეთანხმებაა. მისივე თქმით, EBRD-ი რეგიონში მწვანე დაფინანსების გაზრდის.

"ვამაყობთ, რომ მონაწილეობას ვიღებთ მწვანე ობლიგაციის წარმატებულ განთავსებაში. EBRD-ი რეგიონში მწვანე დაფინანსების გაზრდას გეგმავს, რათა დაეხმაროს ქვეყნებსა და ბიზნესებს ნულოვან ემისიაზე გადასვლის პროცესში," - განმარტავს ეკატერინა მიროშნიკი.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს რკინიგზამ" ახალი, მწვანე ევროობლიგაციების ემისია განახორციელა. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მლნ-იანი ევროობლიგაციები, მოლოდინისამებრ, ძველ ობლიგაციებზე გაცილებით ნაკლებ განაკვეთში, 4%-ში განთავსდა, 7 წლის ვადით.

ევრობონდებიდან მოზიდული სახსრები მოხმარდება არსებული 500 მლნ დოლარის ბონდების რეფინანსირებას, რომლის განაკვეთი 7.5% იყო, შესაბამისად, კომპანია მნიშვნელოვან თანხას დაზოგავს, დაახლოებით 18 მლნ დოლარს.