ფინანსები
22/12/2020

2020 წელს Space-ელების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა

პირველი ქართული ციფრული ბანკის, Space-ის (სფეისი) CEO ლაშა გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ სფეისელების რაოდენობა  თითქმის 40%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა - 140%-ით.

მისი ინფორმაციით, ისევე, როგორც მთელი სამყარო, Space-ც  მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა, თუმცა კომპანიამ ეცადა, ამ სიტუაციაშიც კონცენტრირებულიყო მომხმარებლებისთვის სხვადასხვა დისკომფორტის მოგვარებაზე.

“მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ისეთ შეთავაზებებზე, რომელიც სფეისელებს დაეხმარებოდა სახლში დარჩენაში, ფინანსური სირთულეების გადალახვაში. მაგალითად, გავზარდეთ ქეშბექები გამოძახების სერვისებზე, სხვადასხვა შეთავაზება დავამატეთ ონლაინ შოპინგზე, გავზარდეთ სარგებელი ყულაბაზე, დავაწესეთ საშეღავათო პერიოდები სესხებზე და ა. შ. ამაში ჩვენი პარტნიორებიც ჩაერთნენ და ვფიქრობ, სწორედ ამ მიდგომამ კიდევ უფრო გაააქტიურა ჩვენი პროდუქტების მოხმარება,“ - აცხადებს ლაშა გურგენიძე.

მისი განცხადებით, 2020 წელი გამორჩეული იყო სფეისისთვის გეოგრაფიული ექსპანსიითაც, რადგან სფეისის გუნდმა ამჯერად პირველი ციფრული ბანკი უზბეკეთში გაუშვა თიბისის სახელით.

“გეგმაში გერმანიაში გასვლაც იყო, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, ცოტა გადავდეთ,“ - აცხადებს ლაშა გურგენიძე.

შეგახსენებთ, Space პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების სრულ პაკეტსა და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს.