თბილისის ზღვის ჰესი ექსპლოატაციაში შევიდა
თბილისის ზღვის ჰესი, საქართველოს სახელმწიფო ელექტრისისტემაში (სსე) კვე ჩაერთო. ჰესის მშენებლობა 2019 წლის მაისში დაიწყო, თუმცა, კორონავირუსის გამო მშენებლობის პროცესი გარკვეულწილად შეფერხდა. პროექტი კომპანია Aqua Energy Georgia-მ პოლონელ ინვესტორებთან ერთად განახორციელა.
კომპანიის დამფუძნებელი ,,ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ აღნიშნული ჰესი თბილისის მასშტაბით, ელექტროენერგიით 1000-ზე მეტი ოჯახის უზრუნველყოფას შეძლებს.
,,თბილისის ზღვის მცირე ჰესი საათში 500 კილოვატ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს,ხოლო წლიურ ჭრილში ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 2 მლნ კილოვატ/საათს აჭარბებს. ზოგადად, მცირე ჰესებს დიდი მნიშვნელობა აქვთ იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაში, მით უფრო იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მის გამომუშავებს აჭარბებს და შესაბამისად, სულ უფრო იზრდება იმპორტდამოკიდებულება. კიდევ ერთი სიახლე, რასაც პირველად ,,ბიზნესპარტნიორთან" ვაჟღერებთ ის არის, რომ რომ Aqua Energy Georgia კიდევ ერთი მცირე ჰესის მშენებლობას გეგმავს გარდაბანში. სამშენებლი სამუშაოები 2021 წლის იანვარში დაიწყება" - განაცხადა ირაკლი ორჯონიკიძემ.
შეგახსენებთ, Aqua Energy Georgia-ს თბილისის ზღვაზე ჰესის მშენებლობისთვის უძრავი ქონება 2018 წლის აგვისტოში გადაეცა. მთავრობის განკარგულებით, თბილისის ზღვაზე მცირე ჰესის მშენებლობისთვის ინვესტორმა კომპანიამ უძრავი ქონება 49-წლიანი უფლებით მიიღო. საუბარია, 1413.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.