ენერგეტიკა
12/10/2020

სახელმწიფო ელექტროსისტემა ლარის ობლიგაციების გამოშვებისთვის ემზადება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ლარის ობლიგაციების გამოშვებისთვის ემზადება.

კომპანია კაპიტალის ბაზრებდან წვდომის და კომერციული დაფინანსების მოპოვებისთვის საკონსულტაციო კომპანიას უკვე არჩევს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სსე-ში განუცხადეს, საშუალოვადიან პერიოდში  ობლიგაციები კომერციული პირობებით განთავსდება.

„ობლიგაციების განთავსების შედეგად მოზიდული სახსრებით, სსე მოახდენს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებას. ლარში ნომინირებული ობლიგაციების განთავსება დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკაზე. პროექტი მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით“, - აცხადებენ „სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.

აღსანიშნავია, რომ კომპანია რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოსასვლელად ემზადება.

რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ, მოხდება ახალი სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც დაკომპლექტდება არააღმასრულებელი წევრებით (პირებით, რომლებიც არ არიან დაკავშირებული კომპანიასთან და არ საქმიანობენ სსე-ის მმართველობით თანამდებობებზე), რამაც უნდა უზრუნველყოს საბჭოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი.

სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შემდეგ დაგეგმილია, სამეთვალყურეო საბჭოს დაქვემდებარებული 5 კომიტეტის შექმნა: ანაზღაურების კომიტეტის, აუდიტის კომიტეტის, დანიშვნების კომიტეტის, ინვესტიციების კომიტეტის და რისკების კომიტეტის. კომიტეტები იმუშავებენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებების შესაბამისად.

სამეთვალყურეო საბჭო, ასევე, დაამტკიცებს კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა პოლიტიკებს, მათ შორის: შეტყობინების პოლიტიკას, ინფორმაციის გაცვლის პოლიტიკას, განახლებულ ეთიკის კოდექსს, დაინტერესებულ მხარესთან საქმიანი გარიგების დადების პოლიტიკას და სხვა).

რეფორმირების ფარგლებში ასევე მოხდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის“ შემოერთება, რის შედეგადაც მისი სატრანზიტო ინფასტრუქტურის ხარჯები, სსე-ის ტარიფში აისახება.  განხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კორპორატიზაცია, რაც მართვის მოდელის დახვეწას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ  2018 და 2019 წლები ფინანსური მოგებით დაასრულა.

„წარმატებული ფინანსური შედეგების მიღწევა შესაძლებელი გახდა კომპანიის მენეჯმენტის მიერ, წლების მანძილზე, სწორად წარმართული საოპერაციო, საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობის, ასევე, მარეგულირებული გარემოს სრულყოფის და მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების შედეგად“, - აცხადებენ კომპანიაში.

 

 

Businesspartner