საქართველო მზის და ქარის ელექტროსადგურების აუქციონის წესზე მუშაობს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების - მზის და ქარის ენერგიების აუქციონის წესები მუშავდება.
წესები გულისხმობს მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ლოკაციისა და ტექნიკური სპეციფიკაციის განსაზღვრას, რომლის მიხედვითაც ჩატარდება აუქციონი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის აშენება. პროექტის განვითარების მიზნით, EBRD-ის დავალებით, NERA Economic Consulting-ი და Tractabel Engineering აქტიურად თანამშრომლობენ სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან".
კვლევების შედეგად გამოვლინდა ოპტიმალური მიწის ნაკვეთები გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალი სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე.
"გარდაბანში, მზის ელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 70 მლნ. კვტ/სთ იქნება. ამ ეტაპზე ექსპერტები სატენდერო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობენ. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ენერგორესურსების დივერსიფიკაციისა და ენერგეტეკული დამოუკიდებლობის გაუმჯობესების კუთხით,“ - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.