რომეო მიქაუტაძე: ნენსკრა, ნამახვანი და ხუდონჰესი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია
"ნენსკრა, ნამახვანი და ხუდონჰესი ჩვენი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ხუდონჰესი სახელმწიფომ კომპანიისგან გასულ წელს დაიბრუნა, რომელიც 700 მგვტ. სიმძლავრეს ითვალისწინებდა, თუმცა გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ალტერნატიული ლოკაცია შეერჩიათ, რომელიც პროექტში ნაკლები ზემოქმედებით განხორციელებას ხელს შეუწყობდა.
ამასთან, ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ხელი მოაწერა კომპანიასთან, რომელთანაც სამუშაოები დასრულებულია და ახლა დოკუმენტების გაანალიზების პროცესი მიმდინარეობს, დასკვნის დასადებად. უკვე ამის შემდეგ,ცნობილი იქნება ხელშესახები ალტერნატივა. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მოხდეს მშენებლობის ინიცირებაც.
რაც შეეხება ნამახვანჰესს, დავა არბიტრაჟში მიმდინარეობს და სახელმწიფო აქტიურად მუშაობს მიწების დაბრუნებაზე, რათა ჰესის განვითარების დაგეგმვა გამარტივდეს.
ნენსკრას შემთხვევაში კი, რომელსაც სამხრეთ კორეული კომპანია K-Water ახორციელებდა, ამ ეტაპზე მრავალი გამოწვევებიდან გამომდინარე შეჩერებულია. მიმდინარე წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ცნობით, კომპანიასთან გვერდითი ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც ყველა პირობა შეთანხმდა, რომლის საფუძველზეც ძირითდი დოკუმენტი გაფორმდება და ნენსკრას პროექტი, რომელიც 280 მგვტ-იან სადგურს გულისხმობდა, განხორციელდება.
"ჩვენი მიზანი, ენერგოდამოუკიდებლობაა, რისთვისაც ახალი გენერაციის ობიექტები უნდა ავაშენოთ, არა მხოლოდ ჰიდროში, არამედ სხვადასხვა ტექნოლოგიებით გაჯერებული ენერგო სისტემა, რაც ხარისხიან, უწყვეტ და საიმედო მომარაგებას გულისხმობს, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობას განაპირობებს.
იმისათვის, რომ დარგი განვითარდეს, ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. ამისათვის, სკოლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს ვახორციელებთ. სამომავლოდ კი, გვინდა ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ენერგეტიკის თემაზე შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება, რომელიც მარტივი ენით იქნება მოსწავლეებისათვის მიწოდებული.
ასევე გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ენერგეტიკის სფეროთი, ამიტომ მემორანდუმის გაფორმებას ვფიქრობთ, რომელიც მოსწავლეებს ენერგეტიკის სფეროში დასაქმებას დაავალდებულებს,"-აცხადებს მიქაუტაძე.