რა პოტენციალი აქვს საქართველოში ქარის ენერგიის განვითარებას
დელტას ბაზაზე ქარის სადგურებისთვის გენერატორებისა და მისი მაკომპლექტებელი მასალების საწარმოს ამოქმედება საქართველოში იგეგმება.
ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დანერგვისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი დელტას, ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას შორის უკვე გაფორმდა.
რა პოტენციალი აქვს საქართველოში ასეთი ტიპის დანადგარებისა და მისი კომპონენტების წარმოებას, ამ თემაზე ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა მიქაშავიძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ისაუბრა.
მიქაშავიძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურებით საქართველოს შეუძლია 1500-2000 მეგავატი ელექტროენერგია მიიღოს.
"შეიძლება ითქვას, რომ პოტენციალი 3-ჯერ უფრო მეტია, რაც საშუალებას გვაძლევს სხვაგვარად შევხედოთ ქარის ენერგეტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, რადგან 1500-2000 მეგავატის პოტენციალი კოლოსალურ თანხებს ქმნის. თუ გვინდა, რომ 1500 მეგავატი წლების განმავლობაში ავითვისოთ საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით $2 მლრდ-ის ღირებულების საქონელი უნდა გავიდეს ქვეყნიდან.
რაც შეეხება დაინტერესებას, ორგანიზაციები, რომლებიც ამ სექტორით არიან დაინტერესებული მრავალი წლის განმავლობაში დიდ თანხებს ხარჯავდნენ ამ ბიზნესის ასაწყობად. ჩვენ გვინდოდა ის პრობლემები, რაც ინვესტორების შემოდინებასთანაა დაკავშირებული გადაგვეჭრა. შესაბმისად, აღნიშნული პროექტით შეიქმნება ქართული წარმოება, და ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე მოხდება მათთვის გენერატორების დაყენება. საწარმო მხოლოდ გენერატორებს არ მოიცავს, აქ არის ფრთები, კოშკები, ფუნდამენტი, კაბელიზაცია და სხვა. რეალურად, ქარის სადგურებისთვის გენერატორებისა და მისი მაკომპლექტებელი მასალების საწარმოს ამოქმედება ერთგვარი სტიმული იქნება იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც ფულის დაბანდება უნდათ ამ სექტორში," - აღნიშნა მამუკა მიქაშავიძემ.
მისივე თქმით, საწარმოს ასამოქმედებლად 100-დან 150 მლნ-მდე ინვესტიციაა საჭირო. მომავალი კვირიდან უკვე დაიწყება ფინანსური გეგმის შემუშავება, პროექტირება და დელტას ბაზაზე ტერიტორიის მომზადება.
"საწარმოს ამოქმედებით, ჩვენ საფუძველს ჩავუყრით იმას, რომ საქართველო, ქარის ენერგეტიკის მიმართულებით, რეგიონში გახდეს წამყვანი. ვგეგმავთ ევროპული ტექნოლოგიების შემოტანას და დანერგვას ჩვენს ქვეყანაში. რაც შესხება კადრების გადამზადებას, ამ პროცესებს გამოცდილების მქონე ორგანიზაციები უზრუნველყოფენ”, - აღნიშნავს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტი.