პრემიერი: ნამახვანჰესის პროექტის პირობები მიუღებელია, ამაზე ინვესტორს ვესაუბრე
პრემიერისთვის ნამახვანჰესის პროექტის პირობები მიუღებელია და ინვესტორთან მის შეცვლაზე მუშაობს.
“ეს პროექტი მემკვიდრეობით დამხვდა და რა თქმა უნდა მიუღებელია ის პირობები, რომელიც იქ წერია. ინვესტორთან ვისაუბრე და ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პირობები გადაიხედოს.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრს დავავალე და მან გამოაცხადა შესაბამისი კონკურსი, საერთაშორისო ავტორიტეტის კომპანიაც შეირჩა,
რომელიც შეისწავლის აღნიშნული პროექტის შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან.
გარდა ამისა, მედიაციის პროცესში ევროკავშირის წარმომადგენელი ჩავრთეთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს წყლის რესურსი, რომელიც აქტიურად უნდა გამოიყენოს. ჰესების მშენებლობა, კი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
“მინდა შევახსენო მოსახლეობას, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ასეთი მასშტაბური ქვეყანაში არ აშენებულა.
ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი და სხვა ძვირფასი რესურსები, მაგრამ გვაქვს ისეთი ძვირფასი რესურსი, როგორიცაა წყალი და ჰიდრორესურსები. შეგივძლია გავიზიაროთ ევროპული პრაქტიკა, სადაც ასეთი დონის უზარმაზარი ჰესებია აშენებული და არავითარი ზიანი არ ადგება გარემოს. ჩვენ თუ გონივრულად, რაციონალურად არ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსებს, რა თქმა უნდა ვერ მივაღწევთ ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგოუსაფრთხოებას, რაც საბოლოო ჯამში გადის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებაზე. ყველა ის პროექტი, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება მთავრობისგან“,- განაცხადა პრემიერმა პარლამენტში ნამახვანჰესზე საუბრისას.