ენერგეტიკა
10/03/2021

OMV Petrom: მოუთმენლად ველით შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია და შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს, რაც დღეს თვალნათლივ დავინახეთ, - ამის შესახებ ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის დირექტორმა კრისტინა ვეჩერემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"OMV Petrom კორპორაციაში, მიგვაჩნია, რომ შავ ზღვას დიდი პოტენციალი გააჩნია ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის.

მოუთმენლად ველით შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას, რაც ჩვენი კორპორაციის საქმიანობის რეგიონული გაფართოების ბუნებრივ გაგრძელებად მიგვაჩნია.

ჩვენს კორპორაციას 40 წელზე მეტი ხნის საოპერაციო გამოცდილება გააჩნია ირანის საზღვაო აკვატორიაში და ამას კონკურენტულ უპირატესობად მივიჩნევთ, იმ შესაძლებლობების გამოვლენაში, რაც აქ, საქართველოში არსებობს.
მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს თბილი მიღებისთვის. გვახარებს თანამშრომლობის დაწყება“, - განაცხადა კრისტინა ვეჩერემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ OMV Petrom-თან შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე ხელშეკრულება გააფორმა. ნავთობისა და გაზის სააგენტოს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II სალიცენზიო ბლოკზე გამოცხადებულ ტენდერში უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრმა კომპანია OMV PETROM SA-მა გაიმარჯვა.

Businesspartner