ნათია თურნავა: ნავთობით მდიდრები არ ვართ, გვაქვს წყალი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობა უნდა გაძლიერდეს, რადგან მეზობელ ქვეყნებზე აღარ ვიყოთ დამოკიდებული. ამისთვის აუცილებელია დიდი ჰესების მშენებლობა.
“ჩვენი მთავრობა ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს. ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა - ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალში მხოლოდ ჩვენს მეზობლებზე არ ვიქნებით დამოკიდებული იმპორტის თვალსაზრისით, ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება.
ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარი ენერგეტიკული რესურსი განავითაროს. ჩვენ არ ვართ მდიდრები ნავთობით, ბუნებრიი აირით, სიმდიდრე რაც გვაქვს, არის წყალი. წყლის რესურსის გამოყენება კი, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება.
ძალიან ბევრი ევროპული მაღალგანვითარებული სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოს მსგავსად გააჩნია ჰიდრორესურსი, ეს არის შვეიცარია, ავსტრია, იტალია, ნორვეგია, რომელიც სწორედ საკუთარ ენერგეტიკას ამყარებს ჰიდროენერგეტიკაზე. რა თქმა უნდა მცირე ჰესებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მსხვილ ჰიდროსადგურებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. ეს არის შესაძლებლობა, რომ შევინახოთ ძვირფასი რესურსი- წყალი და გამოვიმუშავოთ არა მაშინ, როდესაც ბუნება გვაძლევს ამის საშუალებას, როცა წვიმს, ან დავუშვათ ქარი უბერავს, არამედ ზუსტად მაშინ, როცა ჩვენს მომხმარებელს სჭირდება“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, ნამახვანჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას განამტკიცებს.
“ნამახვანჰესის აშენებაზე გადის დღეს ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ძირითადი კითხვები მოხსნილიყო. კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება სანდო ექსპერტების მიერ ყველა ძირითადი კვლევის გადამოწმება. ეს პასუხობს იმ წუხილს, რაც უსაფრთოებას და ეკოლოგიას შეეხებოდა. იქმნება ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზრდება. მშენებლობის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დიდი საზოგადოებრივი საბჭო და ისიც გააკონტროლებს, რომ იყოს ყველას ჩართულობა. ამიტომ, ყველა ობიექტური, რაციონალური შეკითხვა ამით მოვხსენით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
რაში დაიხარჯება 5 მილიონი ლარი, მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს.