ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: მთავარია ვნებათაღელვა დაცხრეს და მშვიდობიან რეჟიმში გადავიდეთ
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაციის პროცესი დაიწყო.
მისი თქმით, შეხვედრა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ყველა დაინტერესბული მხარე იყო წარმოდგენილი, მათ შორის აქტივისტები, ვინც რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
“პირველი შეხვედრა ევროპული ენერგეტიკული ქარტიის დავების საბჭოს თავმჯდომარის მედიაციით გაიმართა. შეხვედრას ყველა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა, მათ შორის აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები, ასევე თვითონ ინდუსტრია იყო წარმოდგენილი, განახლებადი ენერგიების და მცირე ჰესების ასოციაციის სახით. საკმაოდ საგნობრივი დისკუსია წარიმართა. რა თქმა უნდა ეს არის პირველი შეხვედრა, მედიაციის პროცესი უფრო რთულია და ამით არ ამოიწურება. პოზიციები იყო დაფიქსირებული. მნიშვნელოვანია ის, რომ საბოლოოდ იმ დასკვნაში, რაც გამოქვეყნდა, აღინიშნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია თვითონ პროექტის ირგვლივ, ხეობა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო მზად არის, ნაბიჯები გადადგას, თუმცა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, ვინც ახლა ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. კომპანიას, რომელიც მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, არ უნდა შეექმნას პრობლემა.
“მნიშვნელოვანია, ყველას უფლება იყოს დაცული, როგორც ინვესტორის, ასევე პროექტში დასაქმებული ადამიანების.
გარდა ამისა, დაისახაა გეგმები, რომ მოხდეს უფრო მაღალ დონეზე, ხელახლა შესწავლა გარემოს დაცვითი ასპექტების, კომერციული ასპექტების, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას, მათ შორის თუნდაც სამუშაოების დროებით შეწყვეტას, რაც მძიმე შედეგი იქნება, როგორც ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვისაც. ამის შედეგად კომპანიას ექნება სრული უფლება, რომ სახელმწიფოს მოსთხოვოს ამაზე პასუხი, რადგან დღეს ახორციელებს თავისი კანონიერი ნებართვის ფარგლებში ქმედებებს. ვფიქრობ, მთლიანობაში ეს წინაპირობები, რაც დაისახა, იძლევა საშუალებას, რომ მშვიდობიანად, ეტაპობრივად მოხდეს პროექტის ირგვლივ ვითარების ნორმალიზაცია და ყველამ ერთობლივად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს პროექტი იყოს ისეთი, როგორც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
ნათია თურნავას ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქულ კომპანიასთან, პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
“მათ შორის თუნდაც გადაიხედოს იჯარით გაცემული მიწების ხანგრძლივობა, რაც არაერთგვაროვნად იყო საზოგადოებაში აღქმული, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობას სრულად შეესაბამება. ასე, რომ პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღად, მთავარია ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველა გადავიდეთ მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.