ნათია თურნავა: INTER RAO-სთან დავა როგორც არ უნდა დასრულდეს, ტარიფი არ გაიზრდება
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსულ კომპანია INTER RAO-სთან დავა როგორც არ უნდა დასრულდეს, ტარიფი არ გაიზრდება.
"INTER RAO-სთან წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება გაფორმდა. 2007 წელს და 2011 წელს გარკვეული ცვლილებებია შეტანილი, რომლითაც 2025 წლამდე არის დადგენილი შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც მათ შორის "თელასმაც" უნდა მიიღოს, ტარიფის მომატების გზით. 2014 წელს ის ტარიფი, რომელიც დაადგინა სემეკმა, იყო აბსოლუტურად ობიექტური, გამჭვირვალე მეთოდოლოგია და იმაზე უფრო მაღალი ტარიფის დადგენა არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ INTER RAO ამას მოითხოვს. ამ სასამართლოს დროს, რომელიც მიმდინარეობდა პრაქტიკულად 6, 7 წელი, სახელმწიფოს პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ტარიფი არ უნდა გაზრდილიყო იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ითხოვდა INTER RAO. ყოველთვის ასეთ დროს ამოვდივართ მოსახლეობის ინტერესებიდან. მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა ძალიან სენსიტიური თემაა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად ეს არ მოხდეს. საბოლოო ჯამში არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა მოთხოვნა, რასაც აყენებდა INTER RAO, 200 მლნ-ზე მეტს ითხოვდნენ ისინი და ამ ეტაპზე 80 მლნ-ია დადასტურებული. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დავა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
როგორც ცნობილია, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა და საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული, ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.