"ნამახვანიჰესის" პროექტი დადგენილ ვადებში განხორციელდება - თურნავა
"ნამახვანიჰესის" პროექტი დადგენილ ვადებში და წარმატებით განხორციელდება. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ,,ბიზნესპარტნიორის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სამინისტრო პრობლემის დარეგულირებაში აქტიურადაა ჩართული.
"ინვესტორი კომპანია ENKA 2000-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს კომპანია უამრავ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რაც მისასალმებელია. ჩვენ ჩართულები ვართ იმ პრობლემის დარეგულირებაში, რაც დღესდღეობით აღნიშნულ კომპანიას შეექმნა ნამახვან ჰესის მშენებლობის თაობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწორად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სამშენებლო ნებართვა ითვალისწინებს გარკვეულ ფაზებს და გარკვეული ვადების შესრულებას. ამ ეტაპზე თავად კომპანია აწარმოებს დიალოგს მოსახლეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. დარწმუნებული ვარ, პროცესი მალე აღდგება და ეს მნიშვნელოვანი პროექტი დაგეგმილ ვადებში წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.