ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა - ზარალი სოლიდურია
ქვემო ნამახვანიჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ განცხადებას ნამახვანიჰესის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ ხანძრის შედეგად კომპანიამ სოლიდური ზარალი მიიღო.
„მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს, დილის 4 საათზე, სოფელ გუმათში, ცეცხლი გაუჩნდა ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს, სადაც ინახებოდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა.
კომპანიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის უწყებებს.
წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა, რომელიც ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია.
საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია.
ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები“,- აღნიშნულია განცხადებაში.