ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი წინაპირობაა
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი წინაპირობაა, - მიიჩნევს ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა.
როგორც ის „ბინზესპარტნიორთან“ ამბობს, პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საწარმოებისთვის სწორი საფასო სიგნალის გაგზავნაა.
„ინვესტორისთვის ენერგეტიკული ბირჟა მიმზიდველია იმდენად, რამდენადაც მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ყველა საწარმოსთვის სწორი საფასო სიგნალების გაშვებაა. მათ შორის იმათთვისაც, ვინც ბირჟაზე არ ვაჭრობს. როგორც წესი, ეს ხდება ე.წ "შესადარისი ფასი" სხვა კონტრაქტებისთვის. ამიტომ ბირჟის ჩამოყალიბება და სწორი ფასების ფორმირება ინვესტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ბირჟაზე უკვე არსებული გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტების ინტეგრაცია. ამას სპეციალური რეგულაცია აქვს. გენერაციის ამ ობიექტებს ექნებათ საშუალება, რომ დარჩნენ სისტემის კომერციულ ოპერატორთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორის ყველა ის უფლება, რომელიც აქამდე იყო აღიარებული, ამ კონტრაქტებით იქნება დაცული. თუმცა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ პირდაპირ შევიდნენ ბირჟაზე და ივაჭრონ. იმ პირობების დაცვით, რომელიც ე.წ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული“,- აღნიშნა მან.
აქვე მილორავა ბაზრის გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი პრობლემა მისი სიმცირეა.
„მთავარი გამოწვევა პატარა ბაზარია. როგორც წესი, მცირე ზომის ბაზარზე უფრო მაღალია შეცდომისა და მანიპულაციის რისკი. ბირჟის მონაწილეთა რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია სწორი და სამართლიანი ფასის ფორმირებასთან. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ თუნდაც დამატებითი სტიმულების შეთავაზებით მეტმა მონაწილემ ივაჭროს ბირჟაზე“,- აღნიშნა მილორავამ.
ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, 2021 წლის 1-ელი ივლისიდან ბირჟაზე ვაჭრობას შეძლებენ როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებიც.