ენერგეტიკა
13/01/2022

ჰელიოს ენერჯი: განახლებადი ენერგიები ბიზნესისთვის ფინანსურად საინტერესო გახდა

განახლებად ენერგიებზე ბიზნესის მოთხოვნა იზრდება. ქარისა და მზის ელექტროსადგურები კერძო სექტორისთვის ფინანსურად უფრო მიმზიდველი ხდება.

როგორც „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა, გუგა ბარბაქაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ელექტროსადგურის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციების უკუგების პერიოდი 5-დან 6 წლამდე მერყეობს.

„განახლებადი ენერგიები ბიზნესისთვის ფინანსურად საინტერესო გახდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასებია. თუ ბიზნესი დღეს დაამონტაჟებს მზის ენერგიის ტიპის სადგურს, 5-6 წელი ექნება უკუგების პერიოდი. 5 წლის თავზე კი უფასო ელექტროენერგია ექნება, რაც მისთვის სერიოზული უპირატესობა იქნება. დაინტერესება თითქმის ყველა სფეროდან მოდის. განსაკუთრებით აქტიურობენ ისეთი საწარმოები, რომელთაც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარება სჭირდებათ. დაინტერესებულები არიან სოფლის მეურნეობიდან, ტურიზმიდან“,- აღნიშნა „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა.