ენერგეტიკა
07/04/2022

გიორგი აბრამიშვილი: ევროპამ სათანადოდ ვერ შეაფასა ენერგორესურსებთან დაკავშირებული რისკები

ევროპამ სათანადოდ ვერ შეაფასა ენერგორესურსების რისკები, - ასე აფასებს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი გიორგი აბრამიშვილი რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულებას.

როგორც მან გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" ისაუბრა, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ სწორი მიზნები იყო გაწერილი ტემპი ძალიან დაბალი იყო. "ამ დროს, უფრო ცენტრალიზებული რუსეთი ამ ყველაფერს კარგად იყენებს", - განმარტა გიორგი აბრამიშვილმა.

"ჰიბრიდული ომის და დეზინფორმაციის წყაროს დახმარებით, რუსეთი ახერხებს, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც კი საზოგადოებრივი მოძრაობები განახლებადი ენერგიების წინააღმდეგ განაწყოს. ამის ერთ-ერთი მაგალითია უნგრეთი, სადაც ხალხი განახლებადი ენერგიების წინააღმდეგ გამოდიოდა და აპროტესტებდა, რაც საქართველოშიც კარგად ვიცით როგორ მუშაობს, ხოლო საბოლოოდ მოხდა ის, რომ უნგრეთში ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგური რუსული ფულით, ტექნოლოგიებით და საწვავით აშენდა. ეს ნათელი მაგალითია, თუ როგორ გახადა რუსეთმა თავისზე დამოკიდებული ქვეყანა, რაც ეკონომიკური ნაწილიდან აუცილებლად პოლიტიკურ ჭრილში გადადის და საბოლოოდ ვიღებთ შუა ევროპაში ისეთ ქვეყანას, რომელიც ამ რეალობაში, უკრაინა-რუსეთის ომის დროს, რუსეთის ღია მხარდამჭრია," - აღნიშნავს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი.

მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ძალიან კარგად შეიძლება.