ენერგეტიკა
25/10/2023

გიორგი აბრამიშვილი: ჩვენს ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კომპანია აპირებს შემოსვლას

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრით რამდენიმე ახალი კომპანია აპირებს საქართველოში შემოსვლას - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორის" ეთერში "განახლებადი ენერგიების ასოციაციის" (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი აცხადებს.
 
მისი თქმით, "საუბარია მსხვილ ბიზნესზე - რამდენიმე ახალი კომპანია აპირებს შემოსვლას ჩვენს ბაზარზე, რაც მისასალმებელია". როგორც გიორგი აბრამიშვილი განმარტავს, ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ინტერესი გააჩინა, ე.წ. CFD მექანიზმია.
 
"მონაწილეობის კუთხით თუ განვსჯით, CFD მექანიზმი ნამდვილად წარმატებულია. თუმცა, ალბათ უნდა დაველოდოთ როდესაც აუქციონში გამარჯვებული პირველი პროექტის მშენებლობა დაიწყება. ანუ, როდესაც ფინანსურ ინსტიტუტებთან მოახერხებენ საბოლოო პროექტის შეკვრას, ფულის მოზიდვას და მშენებლობის დაწყებას.
 
ამას რომ დავინახავთ, ალბათ, რეალურად მაშინ გამოჩნდება, წარმატებული იყო თუ არა ეს პროექტი. რაღაცები შეიძლება, კიდევ უფრო დასახვეწი აღმოჩნდეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველ აუქციონში 300 მგვტ-ი იყო გამოცხადებული და 900 მგვტ-ის განაცხადები შემოვიდა, მისასალმებელია. რაც შეეხება დიდ პროექტებს და მსხვილ ინვესტორებს, ჯამურ 1500 მგვტ-ში არ იგულისხმებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამი პროექტი, რომელიც არის ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა.
 
ამ სამი პროექტის გარშემო ინვესტორების მოზიდვა დადაინტერესება ამ ჩარჩოს გარეთაა და ცალკე ხდება" - აცხადებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
 
 
 
 
Businesspartner