ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება
ნინო სამხარაძე პროფესიით ფერმწერ-რესტავრატორია, რომელმაც ხელნაკეთი თოჯინებისა და აქსესუარების ბრენდი NISA პანდემიის დროს დააფუძნა. ამის მიზეზი კი ოჯახის წევრისთვის ხელნაკეთი და განსხვავებული საჩუქრის გაკეთება გახდა. როგორც ნინო "ბიზნესპარტნიორთან" ყვება სწორედ ამ დროს შექმნა პირველი თოჯინა და მას მერე ამ საქმიანობითაა დაკავებული.
"მხატვრობის პარალელურად, ყოველთვის მიტაცებდა მრავალფეროვნება და ვქმნიდი ხელნაკეთ ნივთებს სხვადასხვა ტექნოლოგიებისა თუ მასალების გამოყენებით. ვმუშაობდი: ტყავზე, პოლიმერულ თიხაზე, ასევე ტექსტილზე ქვილთის ტექნოლოგიით. ბოლო დროს, დაკავებული ვარ ხელნაკეთი საავტორო დეკორატიული თოჯინებისა და საახალწლო დეკორაციების შექმნით, რაც შევისწავლე დამოუკიდებლად და დროთა განმავლობაში განვავითარე. ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები მომხარებელისთვის ორიგინალური, განსხვავებული, და ეკომეგობრულია, რომელიც ასევე ქმნის ჯადოსნურ განწყობას.
ნამუშევრებისთვის, რომელსაც ამ ეტაპზე სახლში ვამზადებ, ვიყენებ სხვადასხვა ნედლეულს როგორიცაა: ტექსტილი, ძაფი და ა.შ რომელთაგან ზოგიერთი არაა ადგილობრივი. ვფიქრობ, საქართველოში დღითიდღე უფრო ფასდება ხელნაკეთი ნამუშევრები, რაც ძალიან მახარებს. რაც შეეხება, უშუალოდ ჩემს ნამუშევრებს, ინტერესი ხალხის მხრიდან საკმოდ მაღალია, ვიღებ არაერთ დადებით შეფასებას და მოწონებას, რაც ჩემთვის როგორც ხელოვანი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია."–აღნიშნავს ნინო სამხარაძე.
NISA–ს ნამუშევრები საშუალო საფასო კატეგორიაზეა გათვლილი და მათი ღირებულება დაახლოებით 100-200 ლარის ფარგლებში მერყეობს. რეალიზაცია ხდება როგორც ონლაინ, ასევე USAID/Georgia-ს მიერ მოწყობილ საშობაო ბაზრობებზე.
"ჯერ მხოლოდ ფეისბუქის გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი ჩემი ნამუშევრების დათვალიერება/შეძენა, ასევე, წინასაახალწოდ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ შექმნილ სტენდზე შეხვდებით სხვა ავტორების ნამუშევრებთან ერთად ჩემს თოჯინებსა და ნაძვის ხეებს.
პროექტი თავიდან ბოლომდე საკუთარი ინვესტიციით განვახორციელე და დღემდე ასე ვაგრძელებ. ამ დრომდე გრანტის მიღება არ მიცდია, თუმცა სამომავლოდ განვიხილავ,"–ამბობს NISA–ს დამფუძნებელი.
სამომავლოდ, ბრენდს დიდი გეგმები აქვს. რაც დაკავშირებულია სხვადსხვა კომპანიებთან კოლაბორაციასთან, გაყიდვების ზრდასთან და ცნობადობის ამაღლებასთან, არა მხოლოდ საართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც.