ბიზნესი
27/09/2022

"უშაქრო" 2023 წლიდან ბრენდულ მაღაზიებს რეგიონებშიც გახსნის

საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „უშაქრო“ 2023 წლიდან ბრენდულ მაღაზიებს რეგიონებშიც გახსნის.

როგორც კომპანიის ბიზნეს ოპერაციების მენეჯერმა ლუკა აფციაურმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამ დროისთვის შესაძლო ლოკაციების შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. 

2 წლის წინ დაფუძნებული კომპანია ძირითადად, უშაქრო, 54 დასახელების საკონდიტრო პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა, ნოტიო სტაფილოს მაფინი ნუშის ფქვილითა და ნიგვზით, ალუბლის ქრამბლი, ვაშლის კარამელი და ასე შემდეგ.

„უშაქროს“ პროდუქცია ხელმისაწვდომია ჰიპერმარკეტ „გუდვილში“, გურამ ბაღდოშვილის რესტორანში Food & Market და თბილისში არსებულ რამდენიმე სასტუმროში. კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი B2B მიმართულებით (ბიზნესი ბიზნესისთვის) განვითარებაა.

აფციაური ინფლაციის და პანდემიის გავლენაზეც საუბრობს და აცხადებს, პანდემიამ კომპანიაზე ნაკლებად იმოქმედა, რადგან როდესაც „უშაქრო“ დაარსდა პანდემიის ყველაზე კრიტიკული პერიოდი უკვე განვლილი იყო.

რაც შეეხება ინფლაციას, აფციაურის განცხადებით, ეს საკითხი კომპანიისთვის საკმაოდ სენსიტიურია. მისი განმარტებით, მომხმარებლის დაინტერესება თუ არსებულის შენარჩუნება დიდი გამოწვევა იქნება ფასების ზრდის პირობებში.

„არ გვინდა მომხმარებელი გაზრდილი ფასებით გავანაწყენოთ და ჯერ-ჯერობით ვინარჩუნებთ თავდაპირველ ფასებს, თუმცა ეს დიდი ძალისხმევის შედეგია. თუ ნედლეულზე ფასების ზრდა გაგრძელდება, სამწუხაროდ ჩვენც მოგვიწევს ფასების გადახედვა,“ - აცხადებს აფციაური.

შეგახსენებთ, კომპანია „უშაქრო“ 2021 წელს დაფუძნდა. პირველი მაღაზია კი მიმდინარე წელს ამოქმედდა. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე ხდება პროდუქტის წარმოებაც და რეალიზაციაც.

 

Businesspartner