ენერგეტიკა
29/06/2022

განახლებადი ენერგიის სადგურების გადასახადების დიდი წილი ადგილობრივ თემებში უნდა გადანაწილდეს - GREDA

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინიციატივაა,  განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდეს. ამასთან დაკავშირებით ასოციაციამ საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა. 

GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, პროექტის შინაარსი დიდწილად ეფუძნება ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატის (NVE) მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმად, განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობისას არსებული სოციალური საკითხების დარეგულირების ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი სწორედ ქონების გადასახადის ადგილობრივ თემებში გადანაწილება შეიძლება იყოს.

"იგივე მოდელი მოქმედებს ნორვეგიაშიც, სადაც განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტებს ხმარდება. მსგავსი კანონის არსებობის შემთხვევაში ჩვენ ასევე მივიღებთ მეტად პროგნოზირებად და სტაბილურ საინვესტიციო გარემოს, რაც დადებითად აისახება, მათ შორის, სექტორში უცხოეური ინვესტიციების მოზიდვაზე", - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია მზადაა და ამჟამად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA), განახლებადი ენერგიის სადგურების დეველოპერ და მფლობელ 40-მდე კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის მიზნებია საქათველოში განახლებადი ენერგიის პროექტების ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორებთან, ასევე, ფინანსურ ინსიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

Businesspartner