ენერგეტიკა
26/04/2021

“ეს ყველაზე კარგად გამოკვლეული პროექტია საქართველოში" - გიორგი აბრამიშვილი ნამახვანიჰესზე

განახლებადი ენერგიების ასოციაციის ხელძღვანელი, გიორგი აბრამიშვილი ნამახვანიჰესის პროექტზე აცხადებს, რომ ის ქვეყანაში ყველაზე კარგად გამოკვლეული პროექტია. ამის მიუხედავად, აბრამიშვილის თქმით, დაიტერესებული მხარეებისთვის დღემდე იდგმება კონსტრუქციული ნაბიჯები. მათ შორის, კაშხლის ძირითადი ნაგებობის მშენებლობა შეჩერებულია, ასევე მიმდინარეობს კვლევების ხელახალი შესწავლა.

„თუ არსებობს კითხვები, არის თუ არა ეს ჰიდროელექტროსადგური საფრთხოს შემცველი, აკლია თუ არა კვლევა, ეკოლოგიური ზეგავლენა უფრო მეტია, თუ სარგებელი, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ნათია თურნავა ადგილზე როდესაც ჩავიდა და 4 პუნქტიანი გეგმა გააცნო, იქ ერთ-ერთი იყო, რომელიც ამბობდა, რომ კაშხლის ძირითადი ნაგებობების მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო. ასევე, შეიქმნა კომისია, რომელიც  ამ კვლევებს ზედამხედველობას გაუწევს. თუ არ ვცდები, ორი კვირის წინ შეხვედრა იყო, სადაც გაიმართა პრეზენტაცია, თუ რამდენი კვლევაა ჩატარებული. სრული პასუხიმგებლობით ვამბობ, რომ ეს არის ყველაზე უფრო კარგად გამოკვლეული პროექტი საქართველოში. არა მარტო ჰიდროელექტროსადგურის, არამედ ზოგადად, ინფრასტრუქტურული პროექტებიდან.

900-მდე გეოლოგიური ბურღია გაკეთებული მარტო საბჭოთა პერიოდში. ამის მიუხედავად, რადგან საზოგადოების ინტერესი ასეთი ფართოა, 9-დან 12 თვემდე გვაქვს იმისთვის, რომ ყველაფერს გადავხედოთ, კიდევ ერთხელ შევისწავლოთ და ვალიდაცია გავუკეთოთ. ბოლო შემოთავაზება იყო, რომ ევროპის ენერგო გაერთიანებიდან ჩაერთოს სპეციალური წარმომადგენელი. ამაზე მიდის მუშაობა, რომ რაც შეიძლება ტიტულიანი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყოს. თუ პროტესტის მიზანი საგნობრივი და კონსტრუქციულია, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. თუ თავიდანვე მიზანი იყო ის, რომ არ უნდა აშენდეს, მაშინ აზრი არ აქვს არც ერთ ნაბიჯზე საუბარს და მაშინ მგონი, ჩიხშია ყველაფერი შესული“,- განაცხადა აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, მათთან, ვინც ჰესის მშენებლობას აპროტეტებს, თავადაც ბევრი კითხვა აქვს.

"შეხვედრაზე ყველა კვლევა გამჭვირვალედ გამოაშკარავდა. მოპატიჟებული იყო ყველა დაინტერესებული პირი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. მათ შორის, მოპატიჟებულები იყვნენ „მწვანე ალტერნატივისა“ და EMC-ის წარმომადგენლები. არც ერთი არ მოვიდა. თუ გაინტერესებს, კვლევა კარგია, თუ ცუდი, შესაბამისად, უნდა მოხვიდე და წაიკითხო მაინც ის საბუთი. ჩემთვის ის გარკვეულ კითხვებს აჩენს. დღეს პიკურ ენერგიაში 8 ცენტს ვიხდით სხვა ქვეყანაში, ადგილზე გადავიხდით 6 ცენტს, რომელიც კიდევ გადასახადებს დატოვებს და უამრავ ადამიანს დაასაქმებს. ჩემთვის აქ კითხვები არ არსებობს. იმედს ვიტოვებ, რომ პროტესტის კონსტრუქციულ ჭრილში გადაყვანა შესაძლებელი იქნება“,- აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა. 

Businesspartner