ენერგეტიკის განვითარების ფონდი: ვიმედოვნებთ, მომავალ წელს ქარის რამდენიმე სადგური ამოქმედდება
ენერგეტიკის განვითარების ფონდის გეგმებით, მომავალ წელს საქართველოში რამდენიმე ქარის სადგურმა უნდა დაიწყოს ფუნქციონირება. მათ შორის, საუბარია ქარის სადგურებზე ზესტაფონში, ნოგაზასა და რუისში.
“ქარის სადგურის რამდენიმე პროექტი გვაქვს. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 200 მეგავატს აღემატება. ახლა ეს პროექტები შესწავლის სტადიაზეა. წლის ბოლოსთვის გადავალთ სამშენებლო ეტაპზე და ალბათ, მომავალი წლისთვის იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტები ოპერირების რეჟიმში გადავა”,- განაცხადა ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა.
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი დაარსდა 2010 წლის 13 დეკემბერს მისი აქციების 100%-ის მფობელია სახელმწიფო. ფონდის პორტფელი მთლიანობაში 20 ენერგოპროექტს მოიცავს, მათგან 12 მზისა და ქარის სადგურების პროექტებია, 2 ბიომასის წარმოებაზე გათვლილი, დანარჩენი კი მცირე ჰესები.