ენერგეტიკა
10/12/2020

“ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ პერიოდში სახელმწიფომ დიდი ყურადღება ენერგეტიკის სექტორსა და იქ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უდნა დაუთმოს. „ბიზნესპარტნიორთან“ ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მთავრობა ინვესტორებისთვის პროექტების განხორციელების გარანტი ვერ არის.

„ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს,მაგრამ იმის გამო, რომ ინვესტორებს ძალიან ხშირად მესამე მხარესთან ერთი-ერთზე ტოვებს სახელმწიფო, ეს პროექტები არა თუ არ სრულდება, არამედ საერთოდ ვერ იწყება. აქ სახელმწიფოს ჩართულობა უფრო აქტიური უნდა იყოს. პოსტ კოვიდურ პერიოდში თუ კი შეიძლება, რომ რამემ სწრაფად მოიტანოს FDI ეს ენერგეტიკული სექტორია. მზა პროექტებია.აქ საუბარია იმაზე, რომ კონკრეტულმა ადამიანმა გრძელვადიანი სარგებელი ნახოს. ეს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ამ ტიპის აქტივობა მოგვიტანს დღეს იმ ეფექტს, რაც დღეს გვჭირდება“,- აღნიშნავს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის III კვარტალში 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის III კვარტალში 66.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით.

2020 წლის III კვარტალში შემცირება ძირითადად მოდის სასტუმროების და რესტორნების (28 მლნ. აშშ დოლარით), ტრანსპორტის (21 მლნ. აშშ დოლარით) და უძრავი ქონების (16 მლნ. აშშ დოლარით) სექტორებზე.

Businesspartner