ენერგეტიკა
29/12/2021

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის, გაზის და წყლის ტარიფების ზრდა არ იგეგმება

2022 წლის 1-ლი მარტიდან მსხვილი ელექტროენერგიას ბაზარზე შეისყიდიან. იქნება მოთხოვნა-მიწოდებაზე დაფუძნებული ფასი. 

"ბაზრის გახსნა მიმდინარეობს ეტაპობრივად, რაც გულისხმობს იმას, რომ მსხვილი მომხმარებლები ეტაპობრივად გავლენ ბაზარზე, შესაბამისად, ელექტროენერგიას იყიდიან არა ჩვეულებრივ ენერგიის მიმწოდებლებისგან, როგორიც იყო თავის დროზე "თელასი" და "ენერგო პრო", არამედ ენერგიას იყიდიან ბირჟაზე. იქნება მოთხოვნა-მიწოდებაზე დაფუძნებული ფასები, ისევე როგორც, ეს არის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელზეც მარეგულირებელი კომისიის მიერ გაიცა საქმიანობის ლიცენზია. ბირჟა ბაზრის გახსნისთვის მზად არის. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2022 წლის თებერვლის ბოლომდე  გასტანს, რათა 1-ლი მარტიდან იყოს სრული მზაობა ბაზრის გასახსნელად, შესაბამისად, 1-ლი მარტიდან დაიწყება მსხვილი მომხმარებლების მიერ ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვა. ამ მიზნით, ჩვენ მოვახდინეთ ელექტროენერგეტიკის ნაწილში საქმიანობის განცალკევება, "თელასი" და "ენერგო პრო" დარჩნენ, როგორც ქსელის მეპატრონეები, რომელთაც ქსელური ტარიფები დაუდგინდათ, ისინი ვალდებულები არიან მოემსახურონ ელექტროენერგიის ქსელს, ტრანსფორმატორებს და ყველა ტექნიკურ მოწყობილობას, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდებისთვის არის საჭირო. ხოლო, უშალოდ ელექტროენერგიის მიწოდებას სხვა კომპანიები განახორციელებენ. აქაც 2 კომპანიაა დასახელებული - დედაქალაქის ტერიტორიაზე "თელმიკო", ხოლო რეგიონებში, "ეპ ჯორჯია", - აღნიშნა სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. 

მისი თქმით, ორვე მათგანისთვის ტარიფები დადგენილია და ახლა ხდება გადამტკიცება. 

დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგიის, გაზმომარაგების და წყალმომარაგების სექტორში ტარიფების ზრდა არ იგეგმება. 

"წელს პირველი წინასაახალწლო პერიოდი იქნება, როცა მარეგულირებელ კომისიას არ უწევს ტარიფების გაზრდა. ამდენად ტარიფების ზრდა არცერთ სექტორში - ელექტროენერგიის, გაზმომარაგების და წყალმომარაგების, ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. თბოსადგურების ტარიფების დადგენა ხდება, რომელიც ზრდასთან დაკავშირებული არ გახლავთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.