ენერგეტიკა
04/03/2022

არაბიძე: ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უკრაინის ელექტრომომარაგების ხერხემალია

ენერგეტიკოსების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ზაპოროჟიეს ელექტროსაფგურს პრობლემები შეექმნება, ეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას არ მოიცავს.

სფეროს ექსპერტი, გია არაბიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ევროპაც, მათ შორის საქართველოც. 

"ევროპაში ამაზე მძლავრი ატომური ელექტროსადგური არ არსებობს. იქ არის 6 ბლოკი, თითოეული 1 000 მეგავატით. ეს არის 6 000 მეგავატის სიმძლავრის ელექტრული სადგური. ჩერნობილი იყო 4 000. ფაქტობრივად, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უკრაინის ელექტრომომარაგების ხერხემალია. დღეს ამ 6 სადგურიდან ზოგი რემონტდება, ზოგი გაჩერებულია გარკვეული მიზეზების გამო. რამდენადაც მახსოვს, ერთი ბლოკი მუშაობს, თუმცა ეს ელექტროსადგური უდიდესი მნიშვნელობისაა. 

როგორც ჩვენ, ასევე უკრაინა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ჩართული ვიყავით ერთიან ელექტროსისტემაში. ახლა უკრაინა ამ სისტემაში აღარაა. რუსეთი და უკრაინა მთელი ამ წლების განმავლობაში ერთმანეთს შორის პარალელში მუშაობდნენ. ეს ნიშნავს, რომ დაცული ხარ უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუ რამე პრობლემა მოხდება, სადგური გაგიჩერდება მეზობელი მოგაწვდის. სამი თვის წინ უკრაინამ გაწყვიტა პარალელში მუშაობა რუსეთთან. თუმცა ეს არ იყო დაკავშირებული ომთან. უკრაინას დიდი სურვილი ქონდა და დღესაც აქვს, რომ პარალელში იმუშაოს არა რუსეთთან, არამედ ევროპასთან. ეს სურვილი გვაქვს ჩვენც. ნებისმიერ გამოწვევას უკრაინა პასუხობს ავტონომიურად. ელექტროენერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით, მას მომხმარე არ ჰყავს. ევროპასთან პარალელში მუშაობა ვერ ხერხდება. რუსეთთან გაწყვეტილი ურთიერთობა ბელორუსიასთან გაწყვეტილ ურთიერთობასაც ნიშნავს. ამიტომ, ელექტროსადგურთან დაკავშირებული ნებისმიერი, დიდი თუ მცირე ინციდენტი პრობლემატურია. აქედან გამომდინარე, რუსეთი ყველანაირი საშუალებით ომობს. ომობს, რომ იქნებ ინფრასტრუქტურა ისე გაუნადგუროს, რომ მას ელექტროენერგიის მიღებისა და წარმოების საშუალება არ ჰქონდეს. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. ეს ყველაზე ამაზრზენია, რომ არ ერიდებიან არაფერს. უფრო დიდი სიმძლავრის ბომბი რომ ყოფილიყო და დარღვეულიყო ელექტროსადგურის ჰერმეტიულობა, ეს ხომ მარტო უკრაინის პრობლემა არ იქნებოდა?! ბელორუსიასაც, ევროპასაც და ჩვენც შეიძლებოდა სერიოზული პრობლემები შეგვქმნოდა",- აღნიშნა ენერგეტიკოსმა. 

გია არაბიძის განმარტებით, უკრაინას ელექტრომომარაგების კარგად გამართული ქსელი აქვს. ენერგეტიკოსი ვარაუდობს, რომ შიდა ალტერნატიული წყაროებით უკრაინა პრობლემების დაძლევას მოახერხებს და ელექტრომომარაგებაში სერიოზული ხარვეზები არ შეექმნება. 

"უკრაინას აქვს კარგად განვითარებული ატომური ელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, ნახშირზე მომუშავე სადგურები, გაზზე მომუშავე სადგურები. დღესდღეობით მას ელექტრომომარაგებაში სერიოზული პრობლემა არ ჰქონია. სიხშირეებიც კარგად უჭირავს და მომარაგებას აწვდის იქ, სადაც მისი მიწოდებაა საჭირო. საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინაში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა რადიკალურად. იმის მიუხედავად, რომ ზაპოროჟიეში 6-დან 1 სადგური მუშაობს, ეს პრობლემა არ არის. მიტოვებული, დანგრეული სახლები, შეჩერებული მრეწველობა, ამან ელექტროენერგიის მოხმარების რადიკალური შემცირება გამოიწვია. ამიტომ, ჯერჯერობით და მგონი, გაატანს კიდეც ბოლომდე, არსებული რესურსებით გადის ფონს. შეძლებს, თავისი ენერგორესურსებით თავი დააღწიოს პრობლემებს. 

ცნობისთვის, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩნდა. ტერიტორიაზე შესვლა და ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრეებმა დღეს დილით შეძლეს.

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადების თანახმად, ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.