ეკონომიკა
06/10/2021

WB: საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 5.5%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაწყებული სწრაფი აღდგენის პროცესმა  ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურება განაპირობა ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებად ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში. ახლანდელი პროგნოზით, ევროპისა და ცენტრალური აზიის  რეგიონის ეკონომიკა 2021 წელს 5.5 პროცენტით გაიზრდება, რაც მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებელია.  

"აღმავლობა ძირითადად განპირობებული იყო ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპით წლის პირველ ნახევარში, რაც ევროზონაში ეკონომიკის გამოცოცხლებას და სასაქონლო ფასების მკვეთრ ზრდას მოჰყვა. ასევე შიდა მოთხოვნა მომძლავრდა ვაქცინაციისა და დახმარებების პაკეტების ფონზე. თუმცა, ექსპორტის ზრდა შეიძლება შენელდეს COVID-19-ის უფრო გადამდები ვარიანტების გლობალური და რეგიონული გავრცელების გამო, რაც ასევე შემაფერხებელი ფაქტორია რეგიონული შიდა მოთხოვნის აღდგენისათვის",- აღნიშნულია კვლევაში. 

კვლევის თანახმად, მოსალოდნელია, რომ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5.5%-მდე შემდირდება.

"2020 წელს სამხრეთმა კავკასიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის გამოშვების უმწვავესი ვარდნა განიცადა, რომელიც 5 პროცენტზე მეტით შემცირდა. გამოშვების მოცულობა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ზრდასაც ხელი შეუწყო მოხმარებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანმა მატებამ, 2021 წელს მკვეთრად, 5.8%-ით გაიზრდება, სადაც საქართველოს წამყვანი პოზიცია ენიჭება 8 პროცენტიანი აღმავლობით. 2022 წლისთვის მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5.5%-მდე შენელება, ხოლო 2023 წელს 5%-ს მიუახლოვდება მაკროეკონომიკური მხარდაჭერის შეწყვეტის პარალელურად",- ნათქვამია კვლევაში.