ვიქტორ ყიფიანი: ევროკავშირი რადიკალურ გადაწყვეტილებამდე წინდახედული იქნება
ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის შეფასებით, ევროპარლამენტის წევრების განცხადება, სადაც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერებაზეა საუბარი, არასასიამოვნო გზავნილია.
მისი თქმით, ევროკავშირი ქართული ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი დონორია, თუმცა ეკონომიკური განზომილების გარდა, თუ ასეთი არასასურველი ფაქტი დადგება, ამას რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური დატვირთვა ექნება.
“ამას არ აქვს მხოლოდ ფინანსური დატვირთვა. ეს გამოვლინდება იმ უარყოფით გზავნილში, რამაც შეიძლება ქვეყნის განვითარების, მისი რეფორმირების ტემპი და მიმართულება უაღრესად უარყოფითად შეაფასოს ჩვენი პარტნიორების თვალში. ესეც უნდა გვქონდეს მხედველობაში, აგრეთვე ამას რამდენად ექნება გავლენა სხვა დონორების დამოკიდებულებაზე. ევროკავშირი ხომ არ არის ერთადერთი დონორი, რამდენად შეიძლება ამან ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს“,- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
როგორც ვიქტორ ყიფიანი “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, სანამ ევროკავშირი ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან ფრთხილი და დაკვირვებული იქნება.
“თვითონ ევროპა მაქსიმალურად მოერიდება ასეთი ღონისძიებების გატარებას, რადგან ქართული სახელმწიფოს ისტორია ეს არ არის მარტო ქართველთა ისტორია, ეს არის ამ რეგიონში, კონკრეტულად საქართველოში წლების განმავლობაში ევროპის მხარდაჭერით წარმოებული რეფორმების შედეგიანობის ისტორია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ევროკავშირი ძალიან ფრთხილი, უკიდურესად დაკვირვებული და წინდახედული იქნება, მანამ, სანამ ასეთ რადიკალიზაციას მოახდენს. მათი მხრიდან, გადაწყვეტილებაში ნებისმიერი ასეთი რადიკალიზაცია, დაარტყამს არა მხოლოდ ქართულ ინტერესს, არამედ ევროპულ ინტერესს საქართველოსა და რეგიონში“,- აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.
ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოსთვის შესაძლო ფინანსური დახმარების შეჩერებაზე განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტკური მოვლენებიდან გამომდინარე გააკეთეს. კერძოდ, მათ საქართველოში პოლიტიკური პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს.
ამასთან დაკავშირებით კი, ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ პარტიებს შორის შეთანხმების მიუღწევლობა ქვეყნის იმიჯზე მოქმედებს.
მისი თქმით, როგორ წარიმართა მოლაპარაკების პროცესი, საზოგადოებას მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიდან აქვს, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავია.
ვიქტორ ყოფიანი მიიჩნევს, რომ თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან მეტი დეტალიზაცია უმჯობესი იქნება.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეთანხმება, თავისთავად ცხადია ამ შეთანხმების მიუღწევლობა მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე. მაგრამ მაქვს ერთი შეკითხვა, რამდენად მართებულია დღეს, ქართველი პოლიტიკური აქტორებისგან კატეგორიული განცხადებების გაკეთება, იმ პროცესის ირგვლივ, რომლის შესახებ ყველა დეტალი ჩვენთვის ცნობილი არ არის. კერძოდ, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებათა წარმართვის 2 ვერსია, ერთი - რასაც გვთავაზობს ოპოზიციური ფლანგი, მეორე, რასაც გვთავაზობს სახელისუფლებო ფლანგი. ეს ვერსიები ურთიერთგამომრიცხავია. სახელისუფლებო ფლანგი გვეუბნება, რომ ისინი მზად იყვნენ, წასულიყვნენ ყველა კომპრომისზე, გარდა ერთის - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების. მაშინ, როდესაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციისათვის ვადამდელი არჩევნები იყო კრიტიკული. ამ ვითარებაში ვფიქრობ, კატეგორიულობა ბრალეულობის გადანაწილებაში, ცოტა ნაადრევია. მე მივესალმებოდი, თვითონ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდეს უფრო სრული და ვრცელი განმარტება პროცესის მიმდინარეობაზე. ჩვენ მოვისმინეთ მისი შეფასება, მაგრამ ეს იყო ზოგადი. ყველას ძალიან დაგვეხმარებოდა შედარებით მეტი დეტალიზაცია - როგორ წარიმართა პროცესი, რაზე იყვნენ მხარეები მზად, რომელმა მხარემ რომელი შემხვედრი წინადადება არ მიიღო. მოლაპარაკებაში ხელისუფლების და ოპოზიციის დაყოფა არ არსებობს, ორივე არის თანასწორუფლებიანი“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.