ვაზილ ჰუდაკი: საქართველოს საერთაშორისო რესურსების მოზიდვაში დავეხმარები
უცხოური ინვესტიციების მიმართულებით საქართველოს პრემიერის სპეციალური მრჩევლის ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, კორონავირუსის გამო გლობალურად შექმნილი რთული პერიოდი ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის.
“შესაძლებლობა გვაქვს, გავიზარდოთ, განვითარდეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებთ, აშშ-დან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა აღვადგინოთ ეკონომიკა ინვესტიციების გზით. ევროკომისიის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ვარ მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით, ამ პროგრამისთვის 50 მლრდ ევრო გამოიყო. 2 ძირითადი ასპექტი გააჩნია ამ პროგრამას - ერთი გახლავთ გაციფროვნება, მეორე მწვანე, ანუ გარემოსდაცვითი მიმართულება, კლიმატის ცვლილების დაძლევა. ეს არის საქართველოს მიმართულებებიც - უფრო ციფრული გახდეს, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, საქართველო ამით კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფება“,- აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.
ვაზილ ჰუდაკის თქმით, ის საქართველოს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში არსებული გამოწვევები და საჭიროებები შეისწავლა.
მისი განცხადებით, ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო რესურსები საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სხვა რესურსების მობილიზებაც. პროცესში კი, კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს.
“სწორედ ამაში ვხედავ ჩემს როლს, დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც მოხდება სხვა რესურსების მობილიზება საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ამას ვხედავ საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის გზითაც, რაც საქართველოს ეკონომიკას წაადგება“,- განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.