ეკონომიკა
26/07/2023

უძრავი ქონების მესაკუთრეთა უფლებები დაცული გახდება - ახალი ინიციატივა მუშავდება

უძრავი ქონების მესაკუთრეთა უფლებები დაცული გახდება.

აღსრულების ეროვნული ბიურო ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მესაკუთრეებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებს გაუმარტივებს და სასამართლო პროცესს აარიდებს.

იდეა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესაძლებლობას მისცემს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნათია ბიძინაშვილმა განუცხადა, ინიციატივა, რომელმაც სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების და მათ შორის, უძრავი ქონების მესაკუთრეთა უფლებები  უნდა დაიცვას, უკვე მზად არის და მისი საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე, ბოლო დეტალები ზუსტდება.

ნათია ბიძინაშვილის განმარტებით, ახალი ინიციატივის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის და ქირავნობის ხელშეკრულება, მათ უწყებაში დარეგისტირდება, რაც მესაკუთრეს საშუალებას მისცემს, დამქირავებლის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს აღსრულების ბიუროს და მისგან დაჩქარებული წესით მიიღოს აღსრულების ფურცელი. ეს ნიშნავს, რომ მხარეები წინასწარ თანხმდებიან იმაზე, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეს დაჩქარებული წესით აღსრულება შეეძლება.

აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვით ის დაზოგავს, როგორც დროს, ისე ფინანსებს. აღნიშნული ინიციატივა იქნება ერთგვარი პრევენციაც, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე გარკვეულწილად დაცული იყოს ფინანსური რისკებისგან.  

„ჯერ კიდევ პროექტის სახით არის ეს ინიციატივა წარმოდგენილი და გულისხმობს სასყიდლიანი ხელშეკრულებების, მათ შორის - იჯარის, ქირავნობის ხელშეკრულებების რეგისტრაციას აღსრულების ეროვნულ ბიუროში. რაზეც მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო არის ის, რომ ამ სერვისის მიღების აუცილებელი პირობა არის ორივე მხარის, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალე მხარის თანხმობა, რომ კრედიტორმა ამ მომსახურებით ისარგებლოს. აღნიშნული მომსახურების მიღებით კრედიტორი, რომელიც იქნება მეიჯარე, გამქირავებელი, რომელსაც შელახული აქვს საკუთრების უფლება, ხდება უფლებამოსილი, რომ მომართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გამარტივებული წარმოების გზით, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, მოითხოვოს აღსასრულებელი დოკუმენტის გამოცემა“, -  აღნიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა.

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა ეს ინიციატივა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივი აღდგენა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ ახალ ინციატივას არანაირი კავშირი არ აქვს საპოლიციო გამოსახლებასთან.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საკუთრებიდან საპოლიციო გამოსახლება 2015 წლიდან აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირმა ბინა იქირავა და თანხას ვერ, ან არ იხდის, გამქირავებელმა პოლიციის ნაცვლად სასამართლოს უნდა მიმართოს. გავრცელებული ინფორმაციით კი, სასამართლო პროცესი უმტესად ჭიანურდება და ბინის მესაკუთრე დიდ ზარალზე გადის.

 

Businesspartner