წელს "საქართველოს რკინიგზის" რეფორმა იგეგმება
მიმდინარე წლის განმავლობაში, საქართველოს რკინიგზის რეფორმა იგეგმება. თემაზე „ბიზნესპარტნიორთან“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა ისაუბრა. მან ის 3 მნიშვნელოვანი საკითხი დაასახელა, რომლის ინიცირებასაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2023 წლის განმავლობაში გეგმავს.
„პირველი ეს იქნება კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ, ასევე იქნება მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეეხება ავტოსადგურების მოწყობის გაუმჯობესებას და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანას. გარდა ამისა, წელსვე ვაპირებთ რკინიგზის რეფორმის საკითხის ინიცირებას. ძირითადად, ამ 3 ეკონომიკური მიმართულებით გვექნება 2023 წელს მუშაობა, თუმცა, წლის განმავლობაში სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივებიც გვექნება“, - განმარტა ეკა სეფაშვილმა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხების განხილვები ხანგრძილი არ იქნება და შესაბამისი კანონების მიღება წელსვე მოესწრება.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილის მფლობელი მთავრობა გახდა, - ინფორმაცია ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ ინვესტორებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილშია აღნიშნული.
„საპარტნიორო ფონდიდან“ რკინიგზის აქციები საქართველოს მთავრობას ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გადაეცა.