“ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და არც ჩავატარებთ“ -ივანე მაჭავარიანი
ფინანსთა მინისტრმა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ჩატარებულ ტენდერებზე ისაუბრა. კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ იმარჯვებენ უმრავლეს შემთხვევაში ჩინური კომპანიები, მაჭავარიანმა განმარტა, რომ პროცესი საერთაშორისო დონორების მონიტორინგის ფონზე მიმდინარეობს და ტენდერში საუკეთესო პირობების მქონე კომპანია იმარჯვებს.
"როდესაც საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,როგორიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და სხვა ისეთი პროექტები,რომელიც დონორის ფულით ფინანსდება, აქ არის ძალიან გამჭვირვალედ და ზუსტად გაწერილი პროცესი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ტენდერი.
ტენდერები სრულად წესებისა და სტანდარტების დაცვით ტარდება იმის შესაბამისად, რასაც დონორი ორგანიზაციები ითხოვენ. ტენდერის ჩატარების შედეგად იგებს ის კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა. თუ ეს არის ჩინური კომპანია, რატომაც არა? თუ პოლონური კომპანია იქნება საუკეთესო, ისიც გაიმარჯვებს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ სტანდარტებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია დონორებთან. მათი წესებითა და მონიტორინგის ქვეშ ტარდება ტენდერები. იმარჯვებენ საუკეთესო კომპანიები. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. მე, როგორც ვიცი, ჩინეთი არ არის სანქციების ქვეშ მოყოლილი. ჩინური კომპანიები ოპერირებენ ევროპაშიც და არაერთი. ჩვენ ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და არც ჩავატარებთ",- აღნიშნა მაჭავარიანმა.