თებერვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება
2023 წლის 1 თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.
რაც შეეხება ტარიფებს, ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება შემდეგი განაკვეთებით:
- მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 - კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) - 30 ლარი;
- მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) - 20 ლარი;
- ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) - 15 ლარი.
შეგახსენებთ, რეფორმის საწყის ეტაპზე 2017 წლიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტომფლობელების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურისაგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით. თუმცა, განმეორებით ინსპექტირებაზე საფასურის არარსებობის პირობებში, ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება გაუმართავ მდგომარეობაში იმ მიზნით, რომ ინსპექტორის მხრიდან დადგინდეს ხარვეზი, შემდგომ, განმეორებით ინსპექტირებისთვის გამოსწორების მიზნით.