თბილისის ზღვაზე და გონიოში ფინანსური ცენტრების შექმნა იგეგმება
მთავრობას 2 ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა აქვს.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთი ფინანსური ცენტრი თბილისის ზღვასთან შეიქმნება, რომელიც სავარაუდოდ 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში გონიოს ტერიტორიაზე.
"გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა და აქვე გვინდა, შევქმნათ ფინანსური ცენტრი. სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საერთაშორისო ფინანსური ზონების შექმნა და განვითარება, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას.
"ჩვენი გათვლებით, სპეციალური ფინანსური ზონების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც განვითარებული საფინანსო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის პოპულარიზებას რეგიონსა და მსოფლიოში და საქართველო გახდება, ეს ჩვენი სურვილია, მიზანია, რეგიონული ფინანსური ცენტრი. ფინანსური ზონები ორიენტირებული იქნება ისეთ საერთაშორისო ფინანსურ კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ აქტივების მართვის, ფინტეკის, სასაქონლო ტრეიდინგის, კაპიტალის მართვის და სხვა დარგებში და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ვარაუდია, რომ აღნიშნული ფინანსური ცენტრების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ფინანსური ცენტრების შექმნის თაობაზე, ფინანსურ ჯგუფთან - Rothschild & Co-თან კონტრაქტი გააფორმა. კომპანიის დელეგაცია ქვეყანას 1 კვირაში ეწვევა.