TBC Capital: საქართველოს ეკონომიკის პროგნოზი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული
მაშინ როდესაც საომარი კონფლიქტის სწრაფი გადაწყვეტა ჯერჯერობით უფრო ოპტიმისტური მოლოდინია, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით, საპროგნოზო მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.
ბუნებრივია, გაურკვევლობა კვლავ მაღალია, თუმცა TBC Capital-ის მიერ შემუშავებული საბაზო სცენარით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები.
აღსანიშნავია რომ, როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეკონომიკური აქტივობის მატების პოტენციალი დაახლოებით 7.5% იყო. ამაზე იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებიც მიუთითებს.
TBC Capital-ის მაკრო მიმოხილვის მიხედვით, ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები მარტშიც საკმაო მდგრადობას ინარჩუნებს. კერძოდ, მიგრაციის ეფექტის ნაწილობრივი კონტრიბუციით, გრძელდება ტურიზმის აღდგენის დინამიკა. ასევე, პოზიტიურ ზრდას ინარჩუნებს გზავნილებიდან მიღებული შემოსავლები.
სავაჭრო ბალანსის კუთხით, მართალია იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა გაზრდილი ფასების ხარჯზე, მიუხედავად უკრაინასა და რუსეთში მნიშვნელოვანი შემცირებისა, ასევე იმატებს საექსპორტო შემოსავლები და საქონლით სავაჭრო ბალანსი მხოლოდ ზომიერად უარესდება. გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვების მხრივ, წელს შედარებით მცირე წვლილია გათვალისწინებული.