ეკონომიკა
02/05/2022

TBC Capital-ს ეკონომიკის ზრდის ოპტიმისტური პროგნოზი აქვს

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიშის მიხედვით, მაშინ, როდესაც ექსპორტისა და მიგრაციის ეფექტის გათვალისწინებით ტურიზმის დინამიკა შედარებით ძლიერი იყო, იმპორტი, დაკრედიტება და ფისკალური სტიმული უფრო ზომიერი პარამეტრებით განისაზღვრა.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, გზავნილების მხრივ, მათი მოლოდინების შესაბამისი ტენდენცია დაფიქსირდა.

"თავისთავად, ზუსტი საბაზო სცენარის შემუშავება კვლავ პრობლემურია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უახლესი ინდიკატორები შესაძლოა ჩვენს, უკვე საკმაოდ ოპტიმისტურთან შედარებით კიდევ უფრო ძლიერ ზრდაზე მიუთითებდეს," – ამბობს TBC Capital-ის ეკონომისტი.

პუბლიკაციის მიხედვით, საკუთრივ, წინა წლის აპრილში ძალზედ მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, სექტორული ბრუნვების, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, TBC Capital-ის ეკონომიკური აქტივობის მოკლევადიანი საპროგნოზო მოდელი აპრილში მკვეთრ ვარდნაზე არ მიანიშნებს.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, იანვარ-მარტში კი ზრდა 14.4%-ს შეადგენს, რაც TBC Capital-ის სრული 2022 წლისათვის 5.5%-იანი სცენარით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.

ცნობისთვის, მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა
შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა.