ეკონომიკა
21/03/2022

TBC Capital: მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე საერთაშორისო ბაზრებზე ოპტიმიზმმა მოიმატა

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე საერთაშორისო ბაზრებზე ოპტიმიზმმა შედარებით მოიმატა.

კერძოდ, კვირის ბოლოს გარკვეული გაუარესებით, ეს მიმდინარე სიტუაციაში სამ ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორზე აისახა, რომლებიცაა რუბლის კურსი და ნავთობისა და ოქროს ფასები. ასევე, რეგიონის სახელწიფო ობლიგაციებზე რისკის პრემია მნიშვნელოვნად შემცირდა.

ადგილობრივი მაჩვენებლების მხრივ, მიმდინარე რეალობის გათვალისწინებით, ასევე შედარებით პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა.

TBC Capital–ის მონაცემებით, ფულადი გზავნილების შემოდინება მარტში მნიშვნელოვან მდგრადობას ინარჩუნებს.

"მართალია ჯერ სრული 2022 წლისათვის დასკვნების გაკეთება ადრეა, თუმცა აშშ დოლარში გამოხატული გზავნილების წინა წელთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც მატებას არ გამოვრიცხავთ. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინების შესაბამისად, ტურიზმის აღდგენის ტემპმა თებერვლის ბოლოსა და მარტში იკლო, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან ვიზიტორების ზრდა მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორია. ჩვენი სადღეისოდ არსებული შეფასებით, ამ გზით მიღებული გაწლიურებული შემოსავალი დაახლოებით $200 მლნ შეიძლება იყოს. ამ მხრივ, უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი აქტივობაც საყურადღებოა, თუმცა მთლიანობაში საპროგნოზო რაოდენობრივი შეფასება ჯერ კიდევ არაერთ დაშვებაზეა დამოკიდებული."–აღნიშნავს მთავარი ეკონომისტი.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, კვლავ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინები უფრო სწრაფი, ვიდრე გადადებული გადაწყვეტის სცენართან არის ახლოს. ასევე, წინა კვირისაგან განსხვავებით, TBC Capital–ის პროგნოზით, ლარის გამყარების ალბათობა გაუფასურებასთან შედარებით მეტია.

გასულ კვირაში, ასევე ხელმისაწვდომი იყო საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თებერვლის საქონლით საგარეო ვაჭრობისა და წინა წლის მეოთხე კვარტალის ხელფასების მაჩვენებლები, რომლებიც უკრაინაში საომარ მოქმედებებამდე საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებდა.