სებ: გვაქვს მოლოდინი, რომ ინფლაცია წლის ბოლოსთვის 7%-მდე შემცირდება
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაზრდილი რისკების მიუხედავად სებ-ი წლის ბოლოსთვის ინფლაციის 7%-მდე შემცირებას მაინც ელის.
როგორც ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თამარ ბაიაშვილმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, ბოლო გადაწყვეტილებაც 0.5 პუნქტით გამკაცრებასთან დაკავშირებით, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების აცილებას ემსახურებოდა.
"მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არსებული ვითარებით იყო გამოწვეული, ეს არის საომარი მოქმედებები, სანქციები და სხვა. მისი დროული რეაგირება, სამომავლოდ ინფლაციური რისკების შერბილებასაც გამოიწვევს. წლის დასაწყისში ვპროგნოზირებდით, რომ ინფლაცია მარტიდან დაიწყებდა შემცირებას და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდებოდა. რაც შეეხება მიმდნარე ვითარებას, კვლავ გვაქვს მოლოდინი, რომ ინფლაცია შემცირდება და წლის ბოლოსთვის ის ერთნიშნა მაჩვენებელზე, 7%-მდე ჩამოვა.
რაც შეეხება საკრედიტო აქტვივობას, ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინით წლის განმავლობაში საკრეტიტო აქტივობის ზრდა ზომიერად მაღალი, 10-15%-ის ფარგლებში იქნება. რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის მნოშვნელოვანია, რომ საკრედიტო აქტივობა იყოს ზომიერი, მდგრადი და იმ ეკონომიკური ვითარების შესაბამისი, რაც დღეს გვაქვს. ასევე ეს არ უნდა იწვევდეს დამატებით ინფლაციურ ან ფინანსური სტაბილურობის რისკებს, რისკენაც მიმართულია ზუსტად ჩვენი პოლიტიკა.-აღნიშნავს, თამარ ბაიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სებ-ი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს, მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსაირების განაკვეთი 11%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 30 მარტს მიიღო.
ამასთან, მარტში ინფლაციამ 11.8% შეადგინა.