საზღვაო ბიზნესს და IT კომპანიებს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭებათ
მთავრობა დღეს გადაწყვეტს, რომელი დარგის კომპანიებს მიანიჭებენ საერთაშორისო სტატუსს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სავარაუდოდ ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და IT- კომპანიები.
„საქართველოს მთავრობა საგადასახადო შეღავათების ფარგლებში იმსჯელებს, რა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს იმისთვის, რომ კომპანიებმა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მოიპოვონ და შესაბამისად, გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ.
დღეს ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი დარგების, რომელი მიმართულების კომპანიებზე შევქმნათ მექანიზმები საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე ე.წ IT კომპანიები. ეს მიმართულებები მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური განვითარების, ასევე საქართველოს განვითარებისთვის. ლოგისტიკა და ტრანსპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია”,- აღნიშნა პრემიერმა.