საპარტნიორო ფონდს საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა
საპარტნიორო ფონდის რებრენდინგი იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, მას საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა.
მისი თქმით, საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით მუშავდება კანონპროექტი, რომელიც ჯერ მთავრობას წარედგინება, მხარდაჭერის შემთხვევაში კი, დასამტკიცებლად პარლამენტში გადაიგზავნება.
"საპარტნიორო ფონდი, როგორც ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესს საქართველოში დაფინანსების სხვადასხვა დივერსიფიცირებული მექანიზმები სჭირდება და მათ შორის კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე საპარტნიორო ფონდი, თუმცა უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა შეიქმნას",- აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, შეიცვლება მენეჯმენტ სტრუქტურები. იარსებებს პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დღემდე მთავრობის წევრებით კომპლექტდებოდა.
ნათია თურნავას თქმით, განახლებულ მენეჯმენტს დაევალება, ფინანსური რესტრუქტურიზაციის გეგმის მომზადება.
"საბოლოო ჯამში ის უნდა იყოს უფრო ძლიერი ფინანსურად, თვითკმარი და მდგრადი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი ინფორმაციით, ახლებურად ჩამოყალიბდება პრიორიტეტები, თუ რა ტიპის ბიზნესები, როგორი ფორმით უნდა იყოს დაფინანსებული.