სანდრო რატიშვილი: არასტაბილური პოლიტიკური გარემო ეკონომიკურ კოლაფსამდე მიგვიყვანს
გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემო ეკონომიკური კოლაფსის წინაპირობაა. სანდრო რატიშვილი ამბობს, რომ თუ პროცესები მშვიდ გარემოში არ წარიმართება, საქართველოს ეკონომიკა ჩიხში შევა.
„დიდი სიბრძნე არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ მსგავსი მოვლენები უაღრესად უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე. მსგავსი პროცესების ხანგრძლივი დროით კი არა, რამდენიმე დღითაც კი გაგრძელება სიკეთეს არ მოიტანს. მით უმეტეს პანდემიის პირობებში, თუმცა პანდემიის გარეშეც ჩვენნაირი სუსტი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანა მსგავს დარტყმებს ძნელად გადაიტანს.
შეხედეთ, რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით. როგორც კი არჩევნები დასრულდა, მეორე დღესვე ლარმა უკიდურესად გაუფასურება დაიწყო. ეს არ არის უბრალოდ რთული პროცესი. ეს ძალიან კრიზისული მომენტია, რომელიც მთლიანად აზიანებს საქართველოში მოქმედ ბიზნესს და აქედან გამომდინარე, მთლიანად ეკონომიკურ ფონს. პოლიტიკური არასტაბილურობისა და პანდემიის გარდა ამას კიდევ ბევრი სხვა მიზეზი აქვს, თუმცა ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია ის არნახული გაუფასურება, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბა. ამას გარდა ეს გამოიწვევს ბიზნესების დახურვას, ბიზნესების გაკოტრებას, სამუშაო ადგილების შემცირებას, საბოლოო ჯამში მოსახლეობის ფულადი შემოსავლების კლებას, გაღარიბებას და აქედან გამომდინარე მოხმარებისა და მოთხოვნის შემცირებას. ეს კი პირდაპირი გზაა ეკონომიკის კოლაფსისკენ. ჩვენ, საქართველოს მსგავს ქვეყანაში ასეთი რამის უფლება და საშუალება არ გვაქვს. ამის დაშვება არ შეიძლება. აქ პოლიტიკური ძალების ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მათ უნდა იფიქრონ არა საკუთარ ინტერესებზე, არამედ ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე“,- განაცხადა რატიშვილმა.