ეკონომიკა
21/02/2022

სამუზეუმო სივრცე - რა პირობებით გაიყიდება ყოფილი “მიხაილოვის“ საავადმყოფო

მთავრობის ხედვაა, პრივატიზების პროცესი თანხვედრაში იყოს ტურიზმის განვითარებასთან. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყოფილი “მიხაილოვის“ საავადმყოფოს სამუზეუმო სივრცის სტატუსი მიენიჭება და ისე გაიყიდება აუქციონზე. 

მისი თქმით, რამდენიმე ინვესტორის მხრიდან დაინტერესება უკვე გამოითქვა. 

"ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფ ზრდას, შესაბამსად, ყველა ის რესურსი, რომელიც გააჩნია დღეს სახელმწიფოს, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. წინა კვირაში ინტენსიურად ვმუშაობდით ადგილობრივ სექტორთან, სხვადასხვა დარგის ბიზნესებთან, მათ შორის ჩვენ გვქონდა რამდენიმე ინიციატივაზე კომუნიკაცია ადგილობრივ სექტორთან. ერთ-ერთი წყარო, რომელიც ჩვენი შეხედულებით, ეკონომიკურ ზრდას ხელს უნდა უწყობდეს, ეს არის დაჩქარებული პრივატიზების პროცესი. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა რამდენიმე მსხვილ ობიექტზე შეთანხმება და ეს ობიექტები წარმოდგენილია უკვე აუქციონებზე. გვინდა ამ კუთხით დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, ეს არის თბილისის ცენტრში, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო, რომელიც აუქციონზე გამოტანილია. მნიშვნელოვანია, პრინვატიზების პროცესი თანხვედრაში იყოს ჩვენს ხედვასთან, როგორიცაა ტურიზმის განვითარება, თბილისში ატრაქციის ახალი ადგილების შექმნასთან. გვინდა, რომ თბილისს ისეთი ინიციატივები შევთავაზოთ, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მას და საერთაშორისო რუკაზე ჩვენს დედაქალაქს ტურისტულად მიმზიდველ ადგილად აქცევს.

ჩვენი ამოცანაა, მეტი ისეთი მიზიდულობის ადგილი გაჩნდეს, რომელის ტურისტისთვის საინტერესო იქნება. შეიძლება ტურისტი ამის გამოც იღებდეს გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს. დავგეგმეთ, რომ ისეთ ადგილას, სადაც ტურისტების კონტენტრაცია ბევრია, გაჩნდეს კულტურული, სამუზეუმო, საგამოფენო სივრცეები, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

 

Businesspartner