საქსტატი: სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი 12.7%-ის დონეზეა
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი 12.7%-ის დონეზეა – "საქსტატმა" დღეიდან ახალი ინდიკატორის (HICP) გამოქვეყნება დაიწყო, რომელიც ქვეყანაში ფასების ცვლილებას ასახავს. წინა თვესთან შედარებით კი, ინდექსი 1.2%-ით არის გაზრდილი.
HICP -ის მონაცემებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები წლიურად 15.2% არის გაზრდილი, ალკოჰოლური სასმელები 6%-ით, საცხოვრებელი სახლის მოვლისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები 41.6%-ით, ჯანდაცვა 6.9%, ხოლო ტრანსპორტი 13.4%. სასტუმროები, კაფეები და რესტორენები HICP -ის მიხდვით 15.7%-იან ზრდას აჩვენებს.
1.4%-ით შემცირდა ფასები ტანსაცმლელსა და ფეხსაცმელზე, ხოლო კავშირგამბულობაში ინდექსის კლება 0.6%-ია.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან (CPI) მას რამდენიმე მეთოდოლოგიური თავისებურება განასხვავებს, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონების და გამოყენებული კლასიფიკატორის ნაწილში.
კერძოდ, HICP-ის შემთხვევაში სამომხმარებლო კალათის წონების გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, მაშინ როდესაც CPI-თვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება კლასიფიკატორს, HICP-თვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის“ ევროპული ვერსია - ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-გან.
ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.
აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.