ეკონომიკა
20/06/2022

სახელმწიფოს საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობის უფლება ექნება

საინვესტიციო ფონდებში სახელმწიფოს მონაწილეობის უფლება ექნება. ცვლილება "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკომიტეტო განხილვაზე განაცხადა, სახელმწიფოს მონაწილეობის უფლება კონკრეტულ შემთხვევებში ექნება. თითოეული კერძო შემთხვევა განიხილება ცალკე, მთავრობის მიერ. 

"სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შესაძლებლობა მიეცემათ "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა",- განმარტა ეკა სეფაშვილმა.

"საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების საწყის ეტაპზე მოსალოდნელია ძირითადად გათვითცნობიერებული ინვესტორების კაპიტალის მობილიზება კერძო შეთავაზებების გზით. ასეთი ტიპის საინვესტიციო ფონდებიდან გამოსარჩევია ვენჩერული და კერძო კაპიტალის ფონდები, რომელთაც გააჩნიათ საკმაოდ მოქნილი დაფინანსების (ინვესტირების) მექანიზმები და სტრატეგიები. ასეთი ტიპის ფონდები ხშირად გამოირჩევიან ინვესტირების გარდა, მეწარმეთათვის საჭირო უნარჩვევებისა და ცოდნის გადაცემით, რაც მეწარმეებს მოგების მაქსიმიზაციასა და ბიზნესს ზრდაში უწყობს ხელს. რადგან საინვესტიციო ფონდების სამართლებრივი ჩარჩო წარმოადგენს სიახლეს, ასეთი ფონდების განვითარებისათვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მასტიმულირებელი მექანიზმების შემოღება", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

როგორც დოკუმენტში წერია, სახელმწიფოს როლი შემოიფარგლება მხოლოდ გარკვეული კაპიტალის მონაწილეობით და არა მისი მართვით. 

"კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს
ინვესტირება "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში, რაც სერიოზულად შეუწყობს ხელს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებას, ეს კი თავის მხრივ დაეხმარება მეწარმეებს განვითარებაში დამატებითი სახსრების მოზიდვის კუთხით, ხოლო ინვესტორებს ალტერნატიულ აქტივებში და დივერსიფიცირებულად დაბანდებაში", - წერია განმარტებით ბარათში. 

როგორც ინიციატორები განმარტავენ, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკა ასევე ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში, ვინაიდან სახელმწიფოს ამ სახით მონაწილეობა საინვესტიციო ფონდში წარმოადგენს საინვესტიციო რისკების შემცირების ერთგვარ მექანიზმს.

 

Businesspartner