ეკონომიკა
01/04/2022

"სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში მმართველობის საუკეთესო პრინციპებს დავნერგავთ"

ჩვენი მიზანია რეფორმები დაჩქარებულად და ხარისხიანად ჩატარდეს, ხოლო ამ პროცესში გვერდით გვყავდეს ისეთი კომპეტენტური პარტნიორები, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის $289 მლნ-ის მოცულობის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ შეთანხმებას.

ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც აღნიშნული პროგრამის ნაწილია. 

"რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, ამ საკითხზე უახლოეს მომავალში მთავრობა დაამტკიცებს სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულად რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში განვახორციელებთ რეფორმას და დავნერგავთ მმართველობის საუკეთესო პრინციპებს.

ასევე, მნიშვნელოვანია პრივატივაზების პროცესიც. უნდა განვსაზღვროთ რა არის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და პრიორიტეტები, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა მნიშვნელოანია, ხოლო სხვა შემთხვევაში კერძო სექტორს მივცეთ საშუალება გახდნენ ინვესტორები და მოვახერხოთ დარჩენილი საწარმოების სრულად პრივატიზება," – ამბობს ლევან დავითაშვილი.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში მკაფიოდ იქნება განსაზღვრული თუ რა ფორმით უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო ამ პროცესში.

"ხშირად ამა თუ იმ ინფრასტრუქტურის სახელმწიფოს მიერ ფლობა არის ხოლმე კრიტიკული, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ და შევქმნათ კონკურენუნარიანი გარემო, რაც ჩვენი ამოცანა და პასუხისმგებლობაა."–აღნიშნავს ეკონომიკის.

მთავრობამ სახელწიფო საწარმოების კორპორატიზაციის დაწყებაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დაიწყო საუბარი. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი ამოცანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის სამწლიან $289 მლნ–ის (210 მლნ SDR) მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას და ფისკალური რისკების შეზღუდვას სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის დასრულებით და განხორციელებით.