"საქართველოში ამერიკული ინვესტიციების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს"
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ამბიციაა, აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა იმ დონემდე აიყვანოს, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით აქვს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, პანდემიის გამო აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური და თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები სრულფასოვნად ვერ შესრულდა, თუმცა მუშაობა გააქტიურდება, რომ საქართველოში ამერიკული ინვესტიციების რაოდენობა მაქსიმალურად გაიზარდოს.
დავით ზალკალიანის განცხადებით, სან-ფრანცისკოში საქართველომ გენერალური საკონსულო გახსნა, რომლის ძირითადი ამოცანაა, ეკონომიკური მიმართულებით ახალ ინიციატივებზე, პროექტებსა და ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა.
"იქ ჩვენი მისიის არსებობა და მუდმივი კომუნიკაცია ყველა მაღალი ტექნოლოგიების მქონე კომპანიებთან შედეგის მომტანი უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით უკვე პირველი შედეგი გვაქვს. გენერალური საკონსულოს ჩართულობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიური სააგენტოს GITA-ს მონაწილეობით,ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად 500 000 დოლარი გამოიყო. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი დასაწყისია. საკონსულობს ბევრი ამბიციური გეგმა აქვს და მას აუცილებლად დავეხმარებით",- განაცხადა დავით ზალკალიანმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.