ეკონომიკა
08/09/2022

საქართველოს TOP ინვესტორი ქვეყანა – პირველ ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს

2022 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებს შორის კვლავ გაერთიანებული სამეფო ლიდერობს.

საქსტატის მონაცემებით, გაერთიანებული სამეფოს წილი - $64.7 მლნ–ით განისაზღვრა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4% შეადგენს, მეორე ადგილზეა ნიდერლანდები - $44.8 მლნ–ით, რაც 12.7%–ია, ხოლო მესამე ადგილს იაპონია $41.8 მლნ–ით იკავებს, რაც მთლიანი ინვესტიციების 11.9%–ია.

შემდეგ მოდის თურქეთი და ჩინეთი, ორივე შემთხვევაში ინვესტიციის მოცულობა– $30.7 მლნ–ია. ჩეხეთი – $26.6 მლნ, ყაზახეთი– $11.8 მლნ, დანია– $10.1 მლნ, მარშალის კ-ები – $9.1 მლნ, გერმანია– $8.9 მლნ და სხვა ქვეყნების წილმა ჯამში $72.5 მლნ შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის II კვარტალში $351.8 მლნ შეადგინა, რაც 2021 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1–ით მეტია.

ამასთან, 2022 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და $90.2 მლნ შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3%–ით განისაზღვრა.