საქართველოს საგარეო ვალდებულებები ერთ წელში $1,371 მლრდ-ით გაიზარდა
პანდემიის ფონზე ქვეყნის საგარეო ვალდებულებები მნიშნელოვნად გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2020 წლის 31 აგვისტოსთვის საქართველოს საგარეო ვალი $6.758 მლრდ-ს აღემატება, ეს $1,371 მლრდ-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საგარეო ვალის მოცულობა გაზრდილია ივლისთან შედარებითაც, $164 მლნ-ით.
ქვეყანას მთლიანობაში საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალებულებები გააჩნია.
საგარეო ვალის ზრდასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აგვისტოში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რადიკალურად გაეზარდა ვალის მოცულობა და გამომწვევი მიზეზი პანდემიური მოვლენებია.
როგორც ნიკოლოზ გაგუამ მაშინ აღნიშნა, 2020 წელს ვალის ზრდა, ძირითადად, უკავშირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ქვეყნისთვის მიღებულ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას.
„პანდემიური მოვლენებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, დაზარალდა მისი ყველა სექტორი და მათ შორის ვალიც. იცით, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოვიზიდეთ მნიშვნელოვანი, 1,5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება. ეს ერთი მხრივ, ვალია, მეორე მხრივ, ეს არის დაზღვევა, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობა გარანტირებულია. ბუნებრივია, პანდემიის სტაბილიზაციის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საშუალება მომავალი წლიდან ვალის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შევამციროთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.