საქართველო IMF-თან ახალი პროგრამის დაწყებას წლის ბოლოსთვის ვარაუდობს
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგარმის დაწყებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ახალი პროგრამა IMF-თან, სავარაუდოდ წლის ბოლოდან დაიწყება.
ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რომ პროგრამის ძირითად ნაწილზე შეთანხმება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან უკვე მიღწეულია.
„ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე ვმუშაობთ. ახალი მიზნები იქნება ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის გზების დასახვა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერება და ეკონომიკური რეფორმების ახალი ტალღის აქსელერაცია.
ძირითადი პრიორიტეტები მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთანხმება და სტრუქტურული რეფორმები იქნება. ეს რეფორმებია სახელმწიფო საწარმოების, კაპიტალის ბაზრის, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით რეფორმები“,- აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა აპრილში დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში, სულ, საქართველოს 687 მლნ დოლარი (406 მლნ SDR) აქვს მიღებული, მათ შორის 2020 წელს - 226 მლნ SDR ($315 მლნ დოლარი).